უახლესი ამბები

თბილისი-მოსკოვი: ფრთხილი დათბობა 2013 წელს

28 12 2013 | ავტორი: admin
თბილისი-მოსკოვი: ფრთხილი დათბობა 2013 წელს
შეფასება
0

თემურ კიღურაძე, BBC-ის რუსული სამსახური.

2012 წლის არჩევნებში  გამარჯვების შემდეგ, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის კოალიციამ „ქართულმა ოცნებამ“ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად მოსკოვთან ურთიერთობის მოწესრიგება დაასახელა.

ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი აგრესიულ პოლიტიკაზე უარის თქმა იყო, რომელსაც წინა ხელისუფლება ეწეოდა. შეიქმნა რუსეთ-საქართველოს შორის მოლაპარაკებების ახალი ფორმატი, რომელსაც საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი მართავენ.

„წითელი ხაზები“

BBC-ის რუსულ სამსახურთან საუბრისას აბაშიძემ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების დასაწყისშივე განსაზღვრული იყო „წითელი ხაზები“ – სფეროები, რომელსაც არ შევეხებოდით, რადგან საერთო პოზიციის პოვნა ამ საკითხებში ჯერ არ გამოდის.  უწინარესად ეს  კონფლიქტურ რეგიონების საკითხებია – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესახებ, რომლებიც 2008 წელს რუსეთმა დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა და იქ  მნიშვნელოვანი სამხედრო კონტინგენტები განათავსა. „ჩვენ იმ საკითხებს განვიხილავთ, რომელთა გადაწყვეტაც შედარებით ადვილად შეიძლება – ეკონომიკურ და კულტურულ თემებს.“ – განაცხადა აბაშიძემ.

2006 წლიდან რუსეთში ქართული პროდუქტის შეტანა აკრძალული იყო. პირველ რიგში ემბარგო ქართულ ღვინოს შეეხო. მოსკოვმა ემბარგო ტექნიკური მიზეზებით ახსნა- თითქოს ქართული ღვინო არ შეესაბამებოდა რუსეთის სტანდარტებს. მაგრამ ექსპერტების უმეტესობა აკრძალვაში პოლიტიკურ მიზეზებს ხედავდა.  კრემლს არ სურდა მიეღო საქართველოს პროდასავლური კურსი.

2013 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ზედიზედ ჩადიოდნენ რუსი ექსპერტები. სპეციალისტებმა გამოიკვლიეს ღვინის თითქმის ყველა დიდი მწარმოებელი ქარხანა და ბოლოს, რუსეთში მისი მიღება გადაწყვიტეს. ქართული მხარე  ემბარგოს მოხსნას მიესალმა, თუმცა ქარხნებს მოუწოდა  მთლიანად რუსულ ბაზარზე არ გადართულიყვნენ.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით 2013 წელს რუსეთში 22 მილიონი ბოთლი ქართული ღვინო შევიდა.  ემბარგოს დაწესებამდე 2005 წლიდან რუსეთში 35 მილიონი ბოთლი ღვინო შედიოდა.

ღვინოსთან ერთად რუსეთში მინერალური წყლები და ხილიც შევიდა, პირველ რიგში ციტრუსი- ქართული მანდარინი დიდი ხნის აკრძალვის შემდეგ ისევ დაუბრუნდა რუსულ ბაზარს. საბოლოო ჯამში, საქართველოს ეკონომიკის სამიისტროს ცნობით რუსეთში ექსპორტირებული პროდუქტების რაოდენობა 3-ჯერ გაიზარდა და 131 მილიონი დოლარი შეადგინა.

„პროცესები გაგრძელდება“

„ჩვენ ურთიერთთანამშრომლობის მრავალწლიანი და ძალიან კარგი გამოცდილება გვაქვს, სულიერი და ისტორიული ახლობლობა. ვვარაუდობ, რომ ასეთი ურთიერთობები გაგრძელდება.“- განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ექსპერტების აზრით, ვითარება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ეგრეთწოდებულ საზღვრებთან დაძაბულია. პრაქტიკულად, მთელი 2013 წლის განმავლობში რუსი მესაზღვრეები მავთულხლართებს ავლებდნენ, რამაც თბილისის მკაცრი კრიტიკა გამოიწვია.

ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე თვლის, რომ რუსეთის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში „კნუტისა და თაფლაკვერას“ თამაშს ჰგავს. ექსპერტი ამჟამინდელ „დათბობას“ საქარველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელმოწერას უკავშირებს.

ლაგაზიძე ფიქრობს, რომ  მოსკოვი  საქართველოს მთავრობის გულის მოგებას იმდენად არ ცდილობს, რამდენადაც ქართული საზოგადოების პრორუსულ ორიენტაციაზე გადაყვანას.

საქართველოს  ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების  საბოლოოდ დადებამდე რვა, ცხრა თვე დარჩა. ამ დროისთვის ქართული ბაზარი ვერ მოასწრებს რუსეთის ბაზარზე მთლიანად  გახდეს დამოკიდებული. ეს კარგია, ვინაიდან  ექსპერტი ფიქრობს, რომ ხელმოწერის შემდეგ რუსულ ბაზარზე ჩვენს პროდუქციას რუსეთი აღარ შეიტანს.

ვიზების საკითხი

ქართული ხელისუფლება კი ამ დროს იმედოვნებს, რომ ევროკავშირთან მეგობრობა არ ავნებს რუსეთის მიმართ ყინულის გალღობას. წლის ბოლოს ვლადიმერ პუტინმა სიურპრიზი გაუკეთა თბილისს, თითქოს შემთხვევით წამოსცდა სიტყვები იმის შესახებ, რომ რუსეთი განიხილავს ქართველებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას, რომელიც ჯერ კიდევ 2000 წელს იყო დაწესებული. რუსეთის ხელისუფლებამ ეს თემა აბაშიძე-კარასინს შორი პრაღის მოლაპარაკებებისთვის გადაიტანა.

ქართული მხარე ამ ამბავს ფრთხილი ოპტიმიზმით შეხვდა. ქვეყნის ლიდერებმა პუტინის განცხადება „პოზიტიურ სიგნალად“ შეაფასეს, მაგრამ აღნიშნეს, რომ ამის სანაცვლოდ არ აპირებენ დათმობას ქვეყნისთვის უმთავრეს საკითხებში, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ეხება.

ლავროვის განმარტებით, უვიზო რეჟიმი შეიძლება ჩიხში მოექცეს, რადგან საქართველოს 2008 წლიდან რუსეთთან შეწყვეტილი აქვს დიპლომატიური კავშირი. საქართველომ არაერთხელ განაცხადა, რომ არ აპირებს ამ ურთიერთობის აღდგენას, სანამ რუსეთი გააგრძელებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას.

მომზადებულია BBC-ის რუსული სამსახურის მასალებზე დაყრდნობით Abkhazia News-სთვის