უახლესი ამბები

პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია

01 12 2014 | ავტორი: admin
პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია
კანონპროექტი
0

პარლამენტმა ფარული მოსმენების “გასაღებთან” დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტს მხარი ამჯერად 82-მა დეპუტატმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ კი ხმა 13-მა მისცა. კენჭი ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის პაკეტის ფარგლებში ოთხ კანონპროექტს ცალ-ცალკე ეყარა.

თავდაპირველად კენჭი პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს ეყარა, რომელიც ხმათა უმრავლესობით არ იქნა გაზიარებული.

ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, ფარული მოსმენა-მიყურადების ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა შემოდის, რომელთაგან ერთი “გასაღები” შს სამინისტროს რჩება და მას ექნება შესაბამის კომუნიკაციის საშუალებებზე პირდაპირი წვდომის შესაძლებლობა, ხოლო მეორე “გასაღები” პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ხელში იქნება.

კონსტიტუციის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ვეტოდაძლეულ კანონპროექტს დადგენილ ვადაში (10 დღე) ხელს კვლავ არ მოაწერს, მას ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი აღსანიშნავია ის, რომ თუკი პაკეტს ხელი დღესვე არ მოეწერა და დღესვე არ გამოქვეყნდა, ხვალიდან – 1-ელი დეკემბრიდან შსს-ს ფარული მოსმენების განხორციელების კანონიერი უფლება აღარ ექნება.