უახლესი ამბები

პაატა ზაქარეიშვილი: თბილისს სოხუმთან და ცხინვალთან პირდაპირი დიალოგი სურს

04 01 2014 | ავტორი: admin
პაატა ზაქარეიშვილი: თბილისს სოხუმთან და ცხინვალთან პირდაპირი დიალოგი სურს
ინტერვიუ
0

ახალი წლიდან საქართველოში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო ამოქმედდა, ასეთი სახელწოდება ყოფილმა რეინტეგრაციის სამინისტრომ მიიღო, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებზე მუშაობდა.

სამინისტროს კვლავ პაატა ზაქარეიშვილი მეთაურობს, რომელიც ადრეც მუშაობდა საქართველოს რეგიონებზე.  მან ინტერვიუ მისცა BBC-ის რუსული სამსახურის კორესპონდენტ თემურ კიღურაძეს. სახელმწიფო მინისტრმა კორესპონდენტს უამბო იმის შესახებ, თუ რატომ შეიცვალა სამინისტრომ სახელი და როგორ პოლიტიკას შეინარჩუნებს 2014 წელს თბილისი სოხუმთან და ცხინვალთან დაკავშირებით.

პაატა ზაქარეიშვილი: საქართველოში რეინტეგრაციის სამინისტროს შექმნისთანავე, რომელმაც  კონფლიქტების დარეგულირების სამინისტრო ჩაანაცლა, ნეგატიური რეაქცია მოჰყვა სოხუმისა და ცხინვალის მხრიდან. მათ უბრალოდ  შეწყვიტეს საუბარი ამ სამინისტროს წარმომადგენლებთან.

ტერმინი „რეინტეგრაცია“ მათი გაგებით,  საქართველოს შემადგენლობაში სოხუმისა და ცხინვალის რეინტეგრირებასთან იყო დაკავშირებული.

მოვლენებს სხვადასხვაგვარად ვხედავთ, ჩვენ კონფლიქტის მოგვარება ყველა მხარის აზრის გათვალისწინებით  და მოლაპარაკებების გზით გვსურს.  გვერდზე გადავდეთ ვარდისფერი სათვალე და მდგომარეობას რეალურად შევხედეთ.  რეალობა  კი ასეთია: საქართველო ევროპის გზას დაადგა, რუსეთი კი კავკასიაში თავის ძალაუფლებას კარგავს.

არ ვფიქრობ, რომ აფხაზებმა და ოსებმა რაიმე მოგება ნახეს რუსეთის მიერ მათი დამოუკიდებელობის აღიარებით. საქართველო თვითრეალიზაციას მათ სხვა ფორმატში სთავაზობს.

როგორია საქართველოს ხელისუფლების კონცეფცია, სტრატეგია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში?

დღეს, საქართველო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ყველაფრის სუფთა ფურცლიდან დაწყებას ურჩევს.  საქართველოში მთავრობა შეიცვალა, დღევანდელი ხელისუფლება სხვაგვარად უყურებს როგორც წარსულს, ისე პერსპექტიულ მომავალს.

ჩვენ მზად ვართ კონფლიქტურ რეგიონებზე  აქტუალური საკითხები განვიხილოთ – სოციალური, ეკონომიკური.

მოვიყვან მაგალითს: დე-ფაქტო ხელისუფლება (ცხინვალში) ხშირად სვამდა საკითხს ახალგორის რაიონში (სამხრეთი ოსეთი) გაზის მიწოდების თაობაზე. დარწმუნებულნი იყვნენ, რომ თბილისი მათ უარს ეტყოდა. როგორც კი ხელისუფლება შეიცვალა, მაშინვე პირადად განვაცხადე ამ პროექტზე საერთო შეთანხმების შესახებ. აქ კი უარი უკვე მათგან მივიღეთ.

მზად ვართ გვერდზე გადავდოთ ნებისმიერი საკითხი, რომელიც მიუღებელია  მათთვისაც და ჩვენთვისაც. პოლიტიკური საკითხებიდან მაგალითად სტატუსის პრობლემა არ განვიხილოთ.  ამ ეტაპზე შეგვიძლია ერთობლივად გადავწყვიტოთ ის თემები, რომლებშიც შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია.

„საქართველო არ აპირებს ძალის გამოყენებას“

მიიღო თუ არა საქართველოს მთავრობამ რაიმე პასუხი ასეთ მიდგომაზე?

ჩვენთვის მოულოდნელად თავიდანვე პოლიტიკური პრობლემები წამოაყენეს. უნდა ითქვას, რომ ადრე ამას არ აკეთებდნენ. ყოველ ურთიერთობას ცეცხლის განუახლებლობის შეთანხმებას აბამენ. ეს სასაცილოა, რადგან საქართველომ რამდენჯერმე აიღო საკუთარ თავზე ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება, პირველად – მედვედევ-სარკოზის შეთანხმების ხელმოწერით, სადაც ეს პუნქტი მკაფიოდ იყო გამოყოფილი.

– საქართველომ რუსეთისგან განსხვავებით შეასრულა თავისი ვალდებულება და ქართული ჯარი გაიყვანა. ევროპელი დამკვირვებლები აღიარებენ, რომ სამხრეთ ოსეთში ჩვენი ჯარი არ არის.

– მეორედ ეს გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტად ყოფნის დროს, ის გამოვიდა ევროპარლამენტის სხდომაზე სტრასბურგში და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ზეპირი ვალდებულება დადო. ის ხომ სადღაც სამზარეულოში არ აკეთებდა ამ განცხადებას, არამედ ოფიციალურ ტრიბუნაზე!

და ბოლოს, ახალმა ხელისუფლებამ 2013 წლის მარტში მიიღო სპეციალური საპარლამენტო რეზოლუცია, რითაც ომის არდაწყების თაობაზე ცალმხრივი ვალდებულება აიღო.

ცალკე შეთანხმების მოთხოვნა აფხაზური და ოსური მხარეებისგან შორსმჭვრეტელობას მოკლებულია. მოწადინების შემთხვევაშიც კი, ეს შუძლებელია, იქ ხომ რუსული ჯარები დგას.

ამ შეთამხმებაზე ხელის მოწერა შესაძლებელი გახდება იმ შემთხვევაში, როდესაც რუსული ჯარები კონფლიქტურ რეგიონებს დატოვებენ.  ამჟამად კი სხვა პრობლემების გადაწყვეტა შეიძლება, რომლებიც საკმარისზე მეტია- საკითხები თავისუფალ გადაადგილებაზე, გარესამყაროსთან ურთიერთობაზე, ვაჭრობასა და სხვა მრავალ თემაზე.

ასეთი მიდგომა უბრალოდ დროის გაჭიანურების პოლიტიკაა, რაც კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესისთვის ძალიან საზიანოა. თუ ასე გაგრძელდა, საქართველოს მოსახელეობაც და დანარჩენი მსოფლიოც იფიქრებს, რომ არც აფხაზებს და არც ოსებს არ სურთ მშვიდობა და სამშვიდობო პროექტების განხორციელება. თუ ეს ასეა, რისთვის გავისარჯოთ? ჩემი აზრით მათთვის აუცილებელია მომენტის გამოყენება.

საქართველოში სააკაშვილის მმართველობის დროს მიიღეს კანონი ოკუპაციის შესახებ, რომელიც ეხებოდა პირებს, რომლებიც რუსეთის მხრიდან აფხაზეთსა და ოსეთს სტუმრობდნენ. როგორია თქვენი პოზიცია ამ კანონის მიმართ?

საქართველოს პარლამენტმა მოახდინა ოკუპაციის შესახებ კანონის შესწორების ინიცირება, ის უკვე გავიდა პირველი მოსმენით. სამწუხაროდ, იურიდიული პროცესი ოდნავ გაიწელა, მაგრამ მალე დასრულდება. ამ კანონის შემსუბუქება აუცილებელია, ის უნდა იყოს მიმართული ოკუპაციის და არა ხალხის წინააღმდეგ.

იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანები კონფლიქტური ტერიტორების გავლით დანარჩენი საქართველოს ტერიტორიებზე შემოდიოდნენ და ციხეში ხვდებოდნენ. მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც  არ იცოდნენ, რომ ქართულ კანონმდებლობას არღვევდნენ. ვთვლი, რომ უფრო მეტად ჰუმანური უნდა იყოს კანონი, უკეთესია ადმინისტრაციული ჯარიმა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ციხე.

საქართველოს პირველი პირები არაერთხელ აცხადებენ, რომ სურთ ააშენონ ისეთი ახელმწიფო, როგორშიც თვითონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლები მოინდომებენ დაბრუნებას. რა იგულისხმება ამაში?

ჩვენ არ ვაპირებთ ვინმეს თავს ძალით მოვახვიოთ რაიმე, ჩვენი სიყვარული ან რაღაც სხვა. არ უნდა დავშორდეთ ერთმანეთს, აფხაზებსა და ოსებს დიდი არჩევანი არ აქვთ – რუსეთი თუ საქართველო? მაგრამ ჩვენ ვთავაზობთ არა რუსეთი თუ საქართველო, არამედ რუსეთი თუ ევროპა. ევროკავშირი ვერ გადაწყვეტს კონფლიქტის საკითხს. მას მოაწესრიგებს საქართველოს მისწრაფება ევროპისკენ.

რა თქმა უნდა, ეს გრძელვადიანი პროცესია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დემოკრატიული ინსტიტუტების მთელი პაკეტი, როგორიცაა მაგალითად, ძალაუფლების განაწილება, დამოუკიდებელი გემთმშენებლობა, ადამიანის უფლებებისა და მათ შორის უმცირესობების უფლებების დაცვაც.

დააკვირდით რა ხდება დღეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში  –  ენა აქვთ რუსული, სასამართლო რუსული,  კულტურა რუსული,  ტელევიზია რუსული, არმია რუსული.

ჩვენ გვინდა შევთავაზოთ არა ქართულ არამედ საკუთარ ღირებულებებზე ორიენტირება. არც იმას ვაპირებთ, რომ თავს მოვახვიოთ ქართული ენა. გვესმის, რომ აფხაზეთში ქართული დაავიწყდათ, მაგრამ აფხაზურიც ხომ ქრება რუსულის წყალობით. მოწადინებული ვართ მათ მივცეთ თავისუფალი არჩევანის საშუალება – არჩევანი იმ ღირებულებებისა, რომელიც მათთვის მისაღებია.

„არის დრო და მოთმინება“

თვლით თუ არა, რომ არის პირდაპირი მოლაპარაკებების შანსი თბილისსა  და სოხუმი-ცხინვალს შორის?

ვფიქრობ, რომ აფხაზებსა და ოსებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების მიმართ ინტერესი უნდა გაჩნდეს. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. არავითარ წინაპირობას არ ვაყენებთ, პირიქით, ისინი გვიყენებენ წინაპირობებს, რაც ძალიან სამწუხაროა.

როდესაც სააკაშვილი ამბობდა, რომ არავითარი აზრი არა აქვს მათთან ურთიერთობას, რომ ისინი მხარეს არ წარმოადგენენ და არიან მარიონეტები რუსეთის ხელში, მათ ეს წყინდათ. ახლა, როდესაც ჩვენ ვთავაზობთ ურთიერთობას, ისინი გვიყენებენ წინაპირობებს.

იცით,  მეშინია იმის აღიარების, რომ  მოვა დრო, როდესაც ვიტყვით, რომ სააკაშვილი მართალი იყო. მე ეს არ მსურს. არ მინდა, რომ აფხაზები და ოსები არაფერს წყვეტდნენ და პირდაპირ მოსკოვთან გვიწევდეს მოლაპარაკება. ეს არ მიგვიყვანს იმ შედეგამდე, რომელსაც ჩვენ ვესწრაფვით.

ჯერჯრობით გვყოფნის დროც და მოთმინებაც. პრობლემები ნამდვილად თავზე საყრელია. აფხაზებსა და ოსებს უკეთეს პირობებში სურთ ცხოვრება ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად. მუდამ გვესმის საჩივრები იმის თაობაზე, რომ რეგიონის მცხოვრებლები ყველგან პრობლემებს აწყდებიან. მოლაპარაკების დროს მზად ვართ პოლიტიკურ საკითხებს არ შევეხოთ და ფოკუსირება მხოლოდ ჰუმანიტარულ საკითხებზე მოვახდინოთ. მაგრამ სად განვიხილოთ ეს პრობლემები? პირდაპირი მოლაპარაკებების ფორმატი ხომ არ არსებობს.

მაგრამ ხომ არის ჟენევის ფორმატი?

დიახ, მაგრამ ჟენევაში მოლაპარაკებები სინამდვილეში ხომ რუსეთსა და საქართველოს შორის იმართება.  ეს ფორმატი სპეციალურად შეიქმნა რუსულ-ქართული ომის შემდეგ. დიახ, ჩვენ ვსაუბრობთ კონფლიქტურ რეგიონებზე მაგრამ არა მათთან, არამედ მოსკოვთან. თუ ეს აწყობთ, ინებონ, მაგრამ ეს არ მაკმაყოფილებს. პირდაპირ დიალოგს აუცილებლობად მივიჩნევ,  ჟენევისგან განსხვავებით, სადაც რუსული კონტექსტი დომინირებს.

მომზადებულია BBC-ის რუსულ სამსახურის მასალების გამოყენებით Abkhazia News-სთვის, ირაკლი თორია