უახლესი ამბები

ტუსკი: ევროკავშირისთვის აუცილებელია რუსეთთან სამომავლო ურთიერთობების გეგმებზე იფიქროს

19 12 2014 | ავტორი: admin
ტუსკი: ევროკავშირისთვის აუცილებელია რუსეთთან სამომავლო ურთიერთობების გეგმებზე იფიქროს
გარესამყარო
0

„ევროკავშირისთვის აუცილებელია რუსეთთან სამომავლო ურთიერთობების გეგმებზე იფიქროს და მხოლოდ ფრაგმენტულ შემთხვევებზე რეაგირებით არ უნდა შემოიფარგლოს“- ამის შესახებ ევროსაბჭოს თავმჯდომარე დონალდ ტუსკმა ევროკავშირის ლიდერთა სამიტზე განაცხადა, სადაც რუსეთთან ურთიერთობა განიხილებოდა.

„ჩვენ გრძელვადიანი პერსპექტივის სტრატეგია, რამდენიმე წლიანი გეგმა გვჭირდება, რაც რეალურად ხანგრძლივ თამაშს გულისხმობს”- განაცხადა ტუსკმა სამიტის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, ის შეძრწუნებული იყო იმით, თუ როგორ განიხილეს უკრაინის საკითხი.
„ჩვენი სტრატეგიული პრობლემა – რუსეთია და არა უკრაინა – განაცხადა ტუსკმა. ჩვენთვის ყველაზე რთულია რუსეთის მიდგომა არა მხოლოდ უკრაინისადმი, არამედ ერთიანი ევროპის მიმართ.
ტუსკმა ასევე განაცხადა, რომ ევროპის პოზიცია უკრაინის მიმართ „ერთიანია როგორც არასდროს“, რუსეთის მოქმედებებისადმი მიდგომა კი „პრაგმატულ და ერთიან გადაწყვეტილებებს“ მოითხოვს.
სამიტის შედეგების შეფასებისას ევროპული სახელმწიფოების ლიდერებმა განაცხადეს, რომ მიუხედავად რუსეთის ეკონომიკური კრიზისისა, სანქციები არ შესუსტდება.
გარდა იმისა, რომ უახლოეს კვირაში ძალაში შევა ახალი სანქციები, ევროპულ კომპანიებს და ტურ-ოპერატორებს ანექსირებულ ყირიმზე, ნებისმიერი სახის ფინანსური ინვესტიცია აეკრძალებათ.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა მატეო რენციმ სამიტის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი აზრით, ევროკავშირი უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად რუსეთთან ინტენსიურად უნდა მუშაობდეს.
„ჩვენ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ რუსეთთან, რომ გამოვაძევოთ ის უკრაინიდან და დავსვათ მოლაპარაკებების მაგიდასთან“ , – განაცხადა რენციმ.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მასალების მიხედვით