უახლესი ამბები

მთავარმა პროკურატურამ მუხროვანის ამბოხის დეტალები გაასაჯაროვა

08 05 2014 | ავტორი: admin
მთავარმა პროკურატურამ მუხროვანის ამბოხის დეტალები გაასაჯაროვა
კრიმინალი
0

საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ საგამოძიებო ორგანოს მიერ 2009 წლის 20 მაისს, ე.წ. „მუხროვანის ამბოხისთვის“ ძებნილი პირების კობა ოთანაძის, ლევან ამირიძისა და გია კრიალაშვილის ძებნის სპეცოპერაციის დანაშაულებრივი გარემოებები გაიხსნა. სამართალდამცავებმა წამების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ლევან ტაბიძე დააკავეს:

„საქართველოს პროკურატურის მიერ გახსნილ იქნა 2009 წლის 20 მაისს, ე.წ. „მუხროვანის ამბოხისთვის“ ძებნილი პირების კობა ოთანაძის, ლევან ამირიძისა და გია კრიალაშვილის ძებნის სპეცოპერაციის დანაშაულებრივი გარემოებები.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, წამების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, შ.ს. სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ლევან ტაბიძე დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ შ.ს. სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ლევან ტაბიძემ, ე.წ. „მუხროვანის ამბოხისთვის“ ძებნილი პირების – ლევან ამირიძის, კობა ოთანაძისა და გია კრიალაშვილის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით, დაგეგმა და განახორციელა კობა ოთანაძის ნათესავებისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა და მათი წამება.

ამ მიზნით, 2009 წლის 20 მაისს, ღამის საათებში, ლევან ტაბიძე და მისი თანხმლები პირები შეიჭრნენ კობა ოთანაძის ნათესავის მურად ზარიძის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც იქ იმყოფებოდნენ მურად ზარიძის მეუღლე ნათია თვაური, მცირეწლოვანი-ერთი წლის შვილი, მშობლები და დები. ოჯახში შესვლის შემდეგ ლევან ტაბიძემ გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელ ნიღბიან პირებთან ერთად დაიწყო სახლში მყოფი მურად ზარიძის და მისი ოჯახის წევრების უმოწყალო ცემა. კერძოდ, ლევან ტაბიძე მივიდა საწოლში მყოფ მურად ზარიძის მეუღლესთან ნათია თვაურთან, რომელსაც სახეში რამოდენიმეჯერ გაარტყა ხელი, ხოლო შემდეგ გადაინაცვლა დასთან ნათია ზარიძესთან, რომელიც გადმოაგდო საწოლიდან და ძირს დაგდებულს დაუწყო უმოწყალოდ ცემა, რის შემდეგაც გადაინაცვლა სამზარეულო ოთახში, სადაც ამ ყველაფრის შემსწრე მურად ზარიძის დედას რუსიკო ივანიძეს, რომელიც ხმამაღლა ითხოვდა შველას, თავის არეში ძლიერად დაარტყა მუშტი, დააგდო ძირს და კვლავ განაგრძო მისი ცემა, რა დროსაც ლევან ტაბიძე მურად ზარიძის ოჯახის წევრებისგან დაჟინებით მოითხოვდა ძებნილ კობა ოთანაძის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას.

იმის გამო, რომ ლევან ტაბიძემ და მისმა თანხმლებმა პირებმა ძებნილი კობა ოთანაძის ადგილსამყოფელის დადგენის კუთხით სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს, მურად ზარიძეს და მისი ოჯახის ყველა წევრს, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადაიყვანეს ე.წ. „მოდულის“ შენობაში.

მოდულის შენობაში, მურად ზარიძე და მისი ოჯახის წევრები რიგრიგობით შეჰყავდათ ლევან ტაბიძის სამუშაო კაბინეტში, სადაც გრძელდებოდა მათთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, მათ შორის ფიზიკური ანგარიშსწორება და მუქარა ხორციელდებოდა მურად ზარიძის მცირეწლოვან – 1 წლის ბავშვის მისამართით, რის შემდეგაც ნათია ზარიძემ ვერ გაუძლო მასზე განხორციელებულ ძალადობას და მიაწოდა მათ მის ხელთ არსებული სრული ინფორმაცია კობა ოთანაძის ადგილსამყოფელის თაობაზე.

წამებით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, 2009 წლის 20 მაისს, ქალაქ თბილისში, თიანეთის გზატკეცილზე ჩატარდა სპეცოპერაცია, რა დროსაც გია კრიალაშვილი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული, ხოლო კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე კი მძიმედ დაიჭრნენ.

ლევან ტაბიძეს, ზარიძეების ოჯახის წევრების მიმართ გამოჩენილი სისასტიკის და ამ გზით ძებნილი პირების ადგილსამყოფელის შესახებ მიღებული ინფორმაციის მოპოვებისათვის, საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის ბრძანებით გადაეცა ფულადი პრემია 10 000 ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით მიენიჭა ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 დან 15 წლამდე ვადით.

ამავდროულად, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მთავარი პროკურატურა აქტიურად აგრძელებს გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილისა და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის ერეკლე კოდუას ხელმძღვანელობით ჩატარებული ე.წ. ,,მუხროვანის ამბოხებისთვის“ ძებნილი პირების კობა ოთანაძის, ლევან ამირიძისა და გია კრიალაშვილის დაკავების სპეცოპერაციის დანაშაულებრივი გარემოებების დასადგენად“, – ნათქვამია განცხადებაში.