უახლესი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად ელგუჯა ხოკრიშვილი წარადგინა

14 04 2014 | ავტორი: admin
ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად ელგუჯა ხოკრიშვილი წარადგინა
პოლიტიკა
0

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე ელგუჯა ხოკრიშვილი წარადგინა.

მთავრობის მეთაურმა დავით ნარმანიას შემცვლელის წარდგენისას ელგუჯა ხოკრიშვილის მაღალ კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმზე გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ იგი მინისტრთა კაბინეტის ღირსეული წევრი იქნება.
„ჩვენ ელგუჯა ხოკრიშვილს ძალიან საპასუხისმგებლო დარგს ვაბარებთ. მას აქვს შესანიშნავი კვალიფიკაცია და ვიმედოვნებ, რომ წარმატებით უხელმძღვანელებს სამინისტროს, გახდება ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი და წარმატებული მინისტრი“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ელგუჯა ხოკრიშვილი დღემდე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის თავმჯდომარე იყო.
ელგუჯა ხოკრიშვილი არის პოტსდამის უნივერსიტეტის ეკონომიკურ და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ბიზნესის და ეკონომიკის მაგისტრი, ეკონომიკის ბაკალავრი. მუშაობდა კავკასიის ეკონომიკისა და სოციალური კვლევების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარედ, ასევე ექსპერტის რანგში თანამშრომლობდა ქართულ თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან, იყო პოტსდამის უნივერსიტეტის ფინანსების კათედრის მკვლევარი მეცნიერი, გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი პუბლიკაცია საგადასახადო და სოციალური პოლიტიკის, ფისკალური დეცენტრალიზაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმებისა და რეგიონული ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების შესახებ ქართულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე.

ფლობს ქართულ, გერმანულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.