უახლესი ამბები

ჯემალ ჯინჯიხაძის 75 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

15 01 2015 | ავტორი: admin
ჯემალ ჯინჯიხაძის 75 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
მეცნიერება
0

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, პროფესორ ჯემალ ჯინჯიხაძის 75 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო ჩატარდა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, უნივერსიტეტის აკადემიური წრეები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები,  მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

საღამო მისასალმებელი სიტყვით გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ჯონი აფაქიძემ. მან პედაგოგიურ მოღვაწეობასა და მეცნიერებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის უნივერსიტეტის სახელით ჯემალ ჯინჯიხაძე უნივერსიტეტის საპატიო სიგელით და ცნობილ ქართველ მოღვაწეთა ხელნაწერების კრებულით – „წერილები პატრიარქს“ დააჯილდოვა.

პროფესორ ჯემალ ჯინჯიხაძეს 75 წლის იუბილე მიულოცეს: აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავამ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდეტმა ოთარ ჟორდანიამ. აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა ზურაბ ლომთათიძემ აკადემიის სახელით ჯემალ ჯინჯიხაძეს საპატიო სიგელი გადასცა.

ჯემალ ჯინჯიხაძეს 75 წლის იუბილე მიულოცა და მისი ღვაწლისა და დამსახურებების შესახებ ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ.

„ჩვენ გვერდით არსებობენ ადამიანები, რომელთა გაკეთებული დიდი საქმეების შესახებ ბევრმა არ იცის, რაც ძალიან სამწუხაროა. მე აფხაზეთიდან ვარ წარმოშობით და ნამდვილად მეამაყება, რომ  იმ კუთხის შვილი ვარ, სადაც  ასეთი დიდებული ადამიანები იბადებოდნენ,  ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ.

ბატონი ჯემალი თავისთავად  უნიკალური მეცნიერი და ადამიანია. მისი მრავალმხრივი   ნიჭი, მეცნიერული მიღწევები  მათემატიკაში, ფილოსოფიაში, ფილოლოგიაში, ისტორიაში, ძნელად თუ ექვემდებარება  შეფასების საზომს.   დღეს აქ ითქვა,  რომ ეს არის პიროვნება, რომელსაც პრაქტიკულად არ უძინია. მთელი ცხოვრება შრომაში გაატარა. იგი  50-მდე წიგნის ავტორია. ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. ფუნდამენტური ნაშრომები მათემატიკაში, ფილოსოფიაში, გეომეტრიაში, ალგებრაში. წელს იგეგმება  მისი  მათემატიკური ნაშრომების  სამტომეულის გამოცემა. ასევე  საგულისხმოა მისი პოეტური ქმნილებები, შესანიშნავი მოგონებები. ასეთი მემკვიდრეობის  შექმნას რამდენიმე სიცოცხლე სჭირდება.   სამწუხარო კი  ის გახლავთ, რომ ამის შესახებ ზოგიერთმა მისი 75 წლის იუბილეზე  შეიტყო.   ვულოცავ  ბატონ ჯემალს საიუბილეო თარიღს, შობა-ახალ წელს, ვუსურვებ დიდ წარმატებებს პირად ცხოვრებასა და  მეცნიერულ მოღვაწეობაში“, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.