უახლესი ამბები

საია-მ ევროპულ სასამართლოს მიმართა

14 04 2014 | ავტორი: admin
საია-მ ევროპულ სასამართლოს მიმართა
კონფლიქტები
0

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მავთულხლართებით დაზარალებულთა სახელით ევროპულ სასამართლოს მიმართა.
საია-ს ცნობით, 2014 წლის 11 აპრილს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ე.წ. სამხრეთ ოსეთის გამყოფი ხაზის პირას მდებარე სოფელ დვანში მცხოვრები 19 მოქალაქის სახელით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.
საია-ს ინფორმაციით, 2013 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, სოფელ დვანში რუსი და ოსი “მესაზღვრეების” მიერ ე. წ. საზღვრის მონიშვნის მიზნით მავთულხლართების გავლებამ გამყოფი ხაზი 400-600 მეტრით გადმოწია, რის გამოც დვანის 50-მდე ოჯახის სასოფლო-სამეურნეო მიწები ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა. მავთულხლართების მშენებლობის გაგრძელების შემთხვევაში, დვანში მცხოვრები 3 ოჯახის საცხოვრებელი სახლიც ე.წ. საზღვრის მიღმა აღმოჩნდება.
საია “ევროპულ სასამართლოში დვანის მცხოვრებელთა მიწაზე და საცხოვრებელ სახლებზე საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლების დარღვევას დავობს”.
საია-ს ცნობით, დღევანდელი მდგომარეობით დვანის მოსახლეობის კუთვნილი 80-მდე ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა მავთულხლართების მიღმაა მოქცეული. მოსახლეობა ამ მიწებს 2013 წლის ოქტომბრამდე ამუშავებდა და მიწიდან მიღებულ მოსავალს ოჯახისა და შინაური პირუტყვის გამოსაკვებად იყენებდა. ზოგიერთი ოჯახი მიწაზე მოყვანილ მოსავალს ყიდდა კიდეც და ეს მათი ოჯახების შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა. მიწებზე წვდომის დაკარგვის შედეგად ოჯახებმა მნიშვნელოვანი ზიანი განიცადეს, რადგან ისინი მავთულხლართების გამო მომავალში ამ მიწების დამუშავებას ვეღარ შეძლებენ.
მიწის ნაკვეთებთან ერთად, დვანში მცხოვრებ 3 ოჯახს მავთულხლართების მშენებლობის გამო აღარ ეძლევა საშუალება ისარგებლონ საკუთარი საცხოვრებელი სახლებით. ეს სახლები მავთულხლართების მიღმა ჯერ არ აღმოჩენილა, თუმცა, ტერიტორია უკვე მონიშნულია და რუსი მესაზღვრეების მითითებით ამ ოჯახებმა თავიანთი სახლები დაშალეს და შეძლებისდაგვარად ყველა ნივთი გამოიტანეს.
საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლების დარღვევის გარდა (ევროპული კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი პუნქტი) ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ევროპულ სასამართლოში დავობს საცხოვრებლის პატივისცემის (ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი), მიმოსვლის თავისუფლების (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი) და სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლების დარღვევის თაობაზე (ევროპული კონვენციის მე-13 მუხლი).

მავთულხლართების გაბმის პროცესი 2011 წელს დაიწყო და 2013 წლის თებერვლიდან გააქტიურდა. ამჟამად, მავთულხლართების გავლების შედეგად ე.წ. გამყოფი ხაზის პირას მდებარე დაახლოებით 23 ქართული სოფელია დაზარალებული. საია აგრძელებს პროცესზე აქტიურ დაკვირვებას და სხვა სოფლებში მნიშვნელოვნად დაზარალებული მოსახლეობის სახელითაც ევროპული სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს.