უახლესი ამბები

კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე შესაძლოა, ქართულ-აფხაზურმა კომისიამ იმუშაოს

14 04 2014 | ავტორი: admin
კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე შესაძლოა, ქართულ-აფხაზურმა კომისიამ იმუშაოს
კონფლიქტები
0

კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე ქართულ-აფხაზური კომისიის შექმნის თაობაზე წინასწარი შეთანხმება არსებობს. როგორც სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ციხელაშვილმა განუცხადა, ქართული მხარე, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან ერთად, უკვე ინტენსიურად მუშაობს, რომ ეს წინასწარი შეთანხმება პრაქტიკაში განხორციელდეს და კონკრეტული ფორმა შეიძინოს.

„კულტურული მემკვიდრეობის საკითხებს ჩვენ ჟენევის დისკუსიების ფაქტობრივად ყველა რაუნდზე ვაყენებთ. ბოლო, 27-ე რაუნდზე აფხაზმა მონაწილეებმა დააყენეს საკითხი გარკვეულ ექსპონატებზე, არქეტიპებსა და საარქივო მასალაზე, რომელიც წესით თბილისში ინახება, რაზეც ვუპასუხეთ, რომ ჩვენ უკვე ამდენი ხანია, ვაყენებთ საკითხებს კულტურული მემკვირეობის ძეგლებზე არსებული ვითარების თაობაზე ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე; იცით, რომ ზოგიერთი ძეგლის რესტავრაცია სტანდარტების დაცვის გარეშე მოხდა, ზოგიერთს მიზანმიმართულად თუ გაუცნობიერებლად შეუცვალეს ორიგინალი პირვანდელი სახე და კიდევ არის შავი არქეოლოგიის პრობლება. ისედაც არალეგალურია იქ რაიმეს მოპოვება, მაგრამ შემდეგ ეს ძველი ექსპონატები გადის რუსეთში. ასე რომ, რადგან ასეთი პრობლემების მთელი ნუსხაა, არის საკითხები, რომელიც მათაც აინტერესებთ და ჩვენც, იყო წინადადება (ამაში თანათავმჯდომარეები გვეხმარებიან), რომ ერთობლივი კომისია შეიქმნას“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
მისივე თქმით, უფრო კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული არაა, მაგრამ ვინაიდან დაფიქსირდა პოზიტიური ძვრა, პირობა, რომ შეიქმნას ასეთი კომისია, რომელშიც ქართველი, აფხაზი და სავარაუდოდ, საერთაშორისო ექსპერტები შევლენ, გარკვეული სამუშაოები ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია.
„ვმუშაობთ თანათავმჯდომარეებთან, რომელთანაც მუდმივი კომუნიკაცია მაქვს. გარდა ამისა, ჩვენს უწყებებს შორისაც მიმდინარეობს მუშაობა ამ საკითხზე, ვამზადებთ საკითხების ნუსხას და იმედი გვაქვს, რომ ჟენევის დისკუსიების მომდევნო რაუნდამდეც და უშუალოდ 28-ე რაუნდზე, რომელიც ივნისში გაიმართება, ამ საკითხის გადაწყვეტას შევძლებთ. ასე რომ, ეს საკითხი ერთ-ერთი პატარა, მაგრამ პოზიტივია, რომელიც არამარტო უნდა აღინიშნოს, არამედ კონკრეტულ ქმედებშიც უნდა გამოიხატოს“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
რაც შეეხება რუსული მხარის პოზიციას და ხომ არ იგეგმება კომისიაში მათი ჩართვაც, ციხელაშვილის თქმით, ჟენევის დისკუსიების ბოლო რაუნდზე, ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრაში, სადაც ზემოაღნიშნული შეთანხმება მოხდა, რუსეთის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. შესაბამისად, ციხელაშვილისთვის უცნობია, რა არის ან რა იქნება რუსეთის პოზიცია ამასთან დაკავშირებით.