რუსეთის დედაქალაქში სამგლოვიარო მარშისთვის ემზადებიან. აქციის მონაწილეები მსვლელობით მივლენ იმ ადგილთან, სადაც ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი მოკლეს.
დაგეგმილი აქციის გამო, ადგილობრივი დროით 11:00 საათიდან მოსკოვის ცენტრალური ქუჩები გადაიკეტება. მარში 15:00 საათზე დაიწყება.
მერიის თანხმობის მიხედვით, მასში მონაწილეობა 50 000-მა ადამიანმა უნდა მიიღოს. ანალოგიური აქციები გაიმართება რუსეთის სხვა ქალაქებშიც.
ბორის ნემცოვის სამოქალაქო პანაშვიდი სამშაბათს, 3 მარტს, მოსკოვში, სახაროვის ცენტრში გაიმართება. პანაშვიდი ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათზე დაიწყება და 14:00 საათამდე გასტანს. დაკრძალვის ცერემონია 3 მარტს გაიმართება. რუს ოპოზიციონერს მოსკოვში, ტროეკუროვსკოეს სასაფლაოზე დაკრძალავენ.