უახლესი ამბები

პრემიერმა პროკურატურის ახალი დეპარტამენტის პრეზენტაციაზე ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენაზე ისაუბრა

04 03 2015 | ავტორი: admin
პრემიერმა პროკურატურის ახალი დეპარტამენტის პრეზენტაციაზე ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენაზე ისაუბრა
კრიმინალი
0

ჩვენ ვმსჯელობთ და გავაგრძელებთ მსჯელობას, რომ საშუალო და ქვედა რგოლის საჯარო მოხელეებს,რომლებმაც გადაამეტეს თავიანთ უფლებამოსილებას, მაგრამ არა აქვთ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული, არ დაეკისროთ პასუხისმგებლობა, მთავარ აქცენტს გამოძიება გააკეთებს დანაშაულის ინიციატორსა და ორგანიზატორზე, -განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მთავარ პროკურატურაში სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პრეზენტაციაზე.

მისივე განმარტებით, ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით 2 წლის წინ, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, ახალმა ხელისუფლებამ დაიწყო მოქალაქეების ათასობით განაცხადის შესწავლა, რაშიც ჩართული იყო ყველა შესაბამისი უწყება.
„ჩვენი მოქალაქეების დარღვეული უფლებების აღდგენას თავისი წესი და რიგი აქვს, დრო სჭირდება და, რაც არ უნდა გვეჩქარებოდეს, ხელოვნურად პროცესებს ვერ დავაჩქარებთ. სამართლიანობის აღდგენის სახელით გადადგმულ ნაჩქარევ ნაბიჯებს შეიძლება ქვეყნის, მომავალი თაობის ინტერესები შეეწიროს, რაც სრულიად დაუშვებელია. აქედან გამომდინარე, ვერ ვიჩქარებდით, ყველა პროცესს კარგი გაანალიზება სჭირდებოდა,“–აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, არსებობს უამრავი დოკუმენტი და მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს თუ როგორ იყენებდა წინა ხელისუფლება დაკავებასა და წამებას პოლიტიკური ანგარიშსწორებისათვის, ქონების კონფისკაციისთვის და მრავალი სხვა უკანონო მოქმედებისთვის.
„სააკაშვილის რეჟიმმა გაასამართლა 300 ათასი ადამიანი, 300 ათასი საქართველოს მოქალაქე. ოთხნახევარ-მილიონიან საქართველოში ეს უზარმაზარი ციფრია. ამას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებთან, აღარაფერს ვამბობ მორალზე და ადამიანობაზე. ამ ორი წლის განმავლობაში ადამიანების დარღვეული უფლებების აღსადგენად ძალ-ღონეს არ ვიშურებდით,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მანვე იმედი გამოთქვა, რომ პროკურატურაში შექმნილი ახალი სტრუქტურა თავს გაართმევს ურთულეს ამოცანას, კვალიფიციურად გამოიძიებს და პასუხს გასცემს ყველა იმ კითხვას, რომლებიც აღელვებთ, როგორც კონკრეტულ დაზარალებულ პირებს, ისე მთელს საზოგადოებას.
მთავარ პროკურატურაში სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პრეზენტაციას საქართველოს მთავრობის წევრები და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები დაესწრნენ.
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი გამოიძიებს საჯარო მოხელის მიერ ჩადენილ დანაშაულებს, რომლის შედეგადაც მოქალაქეებს ფიზიკური და მატერიალური ზიანი მიადგათ. კერძოდ, დეპარტამენტი ორიენტირებული იქნება 2012 წლის 1-ელი ოქტომბრიდან მთავარ პროკურატურაში შესულ საჩივარ-განცხადებებში მითითებული დანაშაულებრივი ფაქტების გამოძიებაზე. მათ შორის არის: ქონების უკანონოდ ჩამორთმევისა და ძალადობის ფაქტები, ცემა-წამება, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობა, რომლის ჩადენაშიც სავარაუდოდ საჯარო მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირები მონაწილეობდნენ. დეპარტამენტში დაინიშნებიან დაზარალებულთა კოორდინატორები, რომლებიც დაზარალებულ პირებს მიაწვდიან ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ სამართლებრივი შეღავათები გაეწევათ იმ პირებს, რომლებიც ნებაყოფლობით ითანამშრომლებენ გამოძიებასთან.